აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ ქართულ ოცნებას არავითარი ინიციატივა და შეთავაზება არ გაუკეთებია.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით კი:
"მოლაპარაკებები გრძელდება, საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაახლოოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დასრულდება და ამოიწურება. ჩვენ მზად ვართ, დიალოგი განვაგრძოთ X მოწვევის პარლამენტში".
ოპოზიციას აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე მოლოდინი ჰქონდა, რომ ქართულ ოცნებას შექმნილ ვითარებაში კონკრეტული წინადადებები ექნებოდა. თუმცა, ისინი ამბობდნენ იმასაც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 13 ნოემბერს შემაჯამებელი სხდომის ჩატარებამ და ოპოზიციის და NGO-ების ყველა საჩივრის დაუკმაყოფილებლობამ დიალოგის ისედაც რთული პროცესი კიდევ უფრო გაართულა.